“შესაძლოა, არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, რიში სუნაკი ძლიერი და უნარიანი პრემიერმინისტრია” – დევიდ კემერონმა განცხადება გაავრცელა
დიდი ბრიტანეთის უკვე მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ “მიუხედავად იმისა, რომ მე შესაძლოა, არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი არის ძლიერი და უნარიანი პრემიერმინისტრი, რომელმაც აჩვენა სამაგალითო ლიდერობა რთულ დროს”.
დევიდ კემერონი ამბობს, რომ სურს, დაეხმაროს რიში სუნაკს “უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ვიყო იმ ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ემსახურება გაერთიანებულ სამეფოს”.
“პრემიერმა მთხოვა, გავმხდარიყავი მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და სიამოვნებით დავთანხმდი.
ჩვენ უამრავი საერთაშორისო პრობლემების წინაშე ვდგავართ, მათ შორის არის ომი უკრაინაში და კრიზისი ახლო აღმოსავლეთში. ამ ღრმა გლობალური ცვლილებების დროს, ამ ქვეყნისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება და რომ ჩვენი ხმა იყოს გაგონილი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წელია პოლიტიკისგან შორს ვარ, იმედი მაქვს, ჩემი გამოცდილება – 11 წლის განმავლობაში, როგორც კონსერვატორთა ლიდერი და პრემიერმინისტრად ყოფნის ექვსი წელი – ხელს შემიწყობს, დავეხმარო პრემიერმინისტრს ამ სასიცოცხლო საკითხების მოგვარებაში.
დიდი ბრიტანეთი მართლაც ინტერნაციონალური ქვეყანაა. ჩვენი ხალხი ცხოვრობს მთელ მსოფლიოში და ჩვენი ბიზნესი ვაჭრობს მსოფლიოს ყველა კუთხეში. მსოფლიო ასპარეზზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობა მნიშვნელოვანია და პირდაპირ პასუხობს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. საერთაშორისო უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი შიდა უსაფრთხოებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მე შესაძლოა, არ ვეთანხმები ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ჩემთვის ნათელია, რომ რიში სუნაკი არის ძლიერი და უნარიანი პრემიერმინისტრი, რომელმაც აჩვენა სამაგალითო ლიდერობა რთულ დროს. მე მსურს, დავეხმარო მას უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ვიყო იმ ძლიერი გუნდის ნაწილი, რომელიც ემსახურება გაერთიანებულ სამეფოს და რომელიც შესაძლოა, წარედგინოს ქვეყანას საყოველთაო არჩევნების შემდეგ.
მე მჯერა საჯარო სამსახურის. სწორედ ამან მიბიძგა პირველად, 1980-იან წლებში წავსულიყავი პოლიტიკაში, მემსახურა მთავრობაში 1990-იან წლებში, გავმხდარიყავი პარლამენტის წევრი 2000-იან წლებში და კანდიდატურა დამეყენებინა პარტიის ლიდერის და პრემიერმინისტრის არჩევნებში.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი დიპლომატიური სამსახური, ჩვენი სადაზვერვო სამსახურები და ჩვენი დახმარებისა და განვითარების შესაძლებლობები, ერთ-ერთი საუკეთესო აქტივია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ჩემი მოღვაწეობის პერიოდიდან ვიცი, რომ მასში ბრწყინვალე, პატრიოტი და შრომისმოყვარე ადამიანები მუშაობენ. მათ კარგად ხელმძღვანელობდა ჯეიმს კლევერლი, ვისთანაც მოუთმენლად ველი მუშაობას მის ახალ ამპლუაში.
ჩემთვის პატივი იქნება, ვემსახურო ჩვენს ქვეყანას FCDO-ს ერთგულ თანამშრომლებთან ერთად, და გავუწიო მუდმივი ლიდერობა და მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იმსახურებენ”, – ნათქვამია ჯეიმს კამერონის განცხადებაში.