ევროკავშირი პოლიტიზებული და ცრუ შეფასებებით ხელმძღვანელობს, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებულ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„გაოცებულები ვართ ევროკავშირის ამ პოზიციით. მათ უგულებელყვეს აშკარა ფაქტები და ოსური მხარის დეტალური განმარტებები, რომელიც გაკეთდა. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი უაპელაციოდ ცდილობს გადაიტანოს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთზე. ეს არის პოლიტიზებული, ცალმხრივი, ცრუ შეფასებები. ეს ყველაფერი ცხადყოფს ევროკავშირის აშკარა მიკერძოებულობას”, – თქვა მან.
ზახაროვას თქმით, ევროკავშირის ასეთი პოზიცია „ძირს უთხრის მის როლს, როგორც ერთ-ერთი ორგანიზაციის თანათავმჯდომარის, რომელიც მონაწილეობს საერთაშორისო დისკუსიაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ“.