ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: თუ მოახერხებენ ეს ადამიანები თავისივე შექმნილი ილუზორული სამყაროდან გამოსვლას, მაშინ თანამშრომლობის გაცილებით მეტი საშუალება გაჩნდება
ისინი გაღიზიანების იმ ხარისხში არიან ასულები და ისეთ აბსურდს ლაპარაკობენ, რომ ეს პოლიტიკურ ანალიზსა და კომენტარსაც ნაკლებად ექვემდებარება ხოლმე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ოპოზიციას სპეკულაციის ნიადაგი შეუმცირა.
„მათი ეს ლოზუნგები, რომლებიც აბსურდულ რუსულ, პუტინისეულ ნარატივს უკავშირდება, მთლიანად კომიკური ხასიათის გახადა [ევროკომისიის გადაწყვეტილებამ]. მოსახლეობაში ამ ნარატივის გაყიდვა გაცილებით გაუჭირდებათ. ეს ერთი პოზიტივი უკვე სახეზე გვაქვს, რომ მოსახლეობაში მათი ამ აბსურდული ლოზუნგების აღქმადობა უკვე გაცილებით ნაკლებია. თუ მოახერხებენ ეს ადამიანები თავისივე შექმნილი ილუზორული სამყაროდან გამოსვლას და საქართველოს, როგორ ქვეყნის რეალურ შეფასებას, მაშინ თანამშრომლობის გაცილებით მეტი საშუალება გაჩნდება. თუ დარჩნენ ისევ პუტინისა და რუსეთის ლოზუნგების ანაბარა, დარჩებიან ამ ლოზუნგთან, პუტინსა და რუსეთთან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.