პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები უნგრელ კოლეგებს შეხვდნენ
პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელები უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საკანონმდებლო დირექტორატის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. სტუმრებს პარლამენტის აპარატის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე მიესალმა და საქართველოს პარლამენტში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეებმა – დავით გელაშვილმა და გიორგი ცხვედიანმა უნგრელ კოლეგებს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურის, სახელმწიფო მოწყობის, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
საკანონმდებლო საქმიანობის იურიდიულ-სამართლებრივ საკითხებზე მსჯელობისას, დავით გელაშვილმა კანონპროექტის ინიცირებიდან კანონის მიღებამდე გასავლელ პროცედურებზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო პროცესში აპარატის როლსა და ჩართულობაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღებამდე პროექტი სამი მოსმენით განიხილება და მისი სამართლებრივ-რედაქციული შინაარსის მომზადების პროცესში პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისა და კომიტეტის აპარატების თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
„საქართველოს პარლამენტის აპარატში სტუმრად მყოფ უნგრელ კოლეგებს პარლამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საკანონმდებლო პროცესში პარლამენტის აპარატის ჩართულობაზე ინფორმაცია გავაცანით. სტუმრები აპარატის სტრუქტურული მოწყობით და მასში დასაქმებული თანამშრომლობის სამუშაო პირობებითა და პროფესიული განვითარების საკითხებით დაინტერესდნენ. დისკუსიის ფორმატში, უნგრელ კოლეგებთან საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხებზე ვისაუბრეთ და აღნიშნულ საკითხზე უნგრულ მოდელს გავეცანით. მოგეხსენებათ, უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება და გაცნობა”, – განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.