მიხეილ სააკაშვილი: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტატუსი, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის დამსახურებაა.

“სტატუსი, პირველ ყოვლისა, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა.
ჩვენი ისტორიული მისწრაფების გამო იმიტომ, რომ აიძულა შარშან ხელისუფლებას, შეეტანა სტატუსზე განაცხადი და იმიტომ, რომ 2013 წლამდე საქართველო ჩვენს დიდ რეგიონში ევროპის იდეის პიონერი და ლიდერი იყო.
მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ 2011 წელს თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი. ხოლო უკრაინელი ხალხის იმიტომ, რომ მისმა გმირულმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა გეოპოლიტიკა, გამოაღვიძა ევროპა, გააღებინა მას ფართოდ კარები.

სტატუსის მინიჭება ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, ნაციონალურ პარლამენტებსა და სხვადასხვა მთავრობაში მყოფი, ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრების დამსახურებაა. საქართველოს ხელისუფლების დამსახურება ისაა, რომ მან ხალხის ზეწოლის ქვეშ შეიტანა განაცხადი და კიდევ კარგი უკან არ გაიტანა.

ჩვენ მთავარი ბრძოლა არის წინ – ოლიგარქის ხელისუფლების მოშორება და ეს ჩვენი გასაკეთებელია. სწორედ ამ ხელისუფლების მოშორება გაგვიხსნის გზას ევროკავშირის წევრობისკენ”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები