ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კანონპროექტის ზოგადი პრინციპები მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ოთარ ბეჟანიძემ წარადგინა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება უკავშირდება 2016 წლის 23 ივნისს ხელმოწერილ შეთანხმებას „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“. ამის შესაბამისად უნდა დადგინდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განისაზღვრა როგორც წამყვანი უწყება ამ სფეროში.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2023 წლის 6-7 მარტს განხორციელდა ევროკავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოპყრობის შესახებ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება. ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც ქართულმა მხარემ ახლო მომავალში უნდა გადაჭრას, რათა მხარეებს შორის სამომავლოდ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლა განხორციელდეს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, ევროკავშირის შემფასებელი მისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღებით ცალკე განისაზღვრება ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის წესები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო საიდუმლო ინფორმაციის გაცვლას და მხარეებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის სათანადოდ დაცვას.
„ეს საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი კანონების ჰარმონიზაციის კიდევ ერთი მაჩვენებელია, რაც იმის დასტურია, რომ ნამდვილად, ყველა დონეზე ვახდენთ ჩვენი კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირ