სახალხო დამცველი: თუ თეონა აქუბარდია სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით მომართვას შემოიტანს, მის განცხადებას შევისწავლით და გვექნება პასუხი
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუკი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატს მიმართავს, სახალხო დამცველის მხრიდან, შესაბამისი პასუხი იქნება.
როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში დისკრიმინაციული განცხადებები არ უნდა ისმოდეს.
„ბუნებრივია, არამარტო მე, მგონი არ დარჩა საზოგადოებაში არავინ, ვინც ხმამაღლა საუბრობს და ვისი აზრიც გადის მედიაში, რომ საჯაროდ არ დაეგმო ამგვარი ქმედება პარლამენტში იმიტომ, რომ ის რაც ჩვენ პარლამენტში ვიხილეთ, ეს ნამდვილად არ იყო მოსაწონი.
რაც შეეხება თეონა აქუბარდიას მომართვას, რა თქმა უნდა, თუ შემოიტანს ასეთ განცხადებას, სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, ბუნებრივია შევისწავლით მის ამ განცხადებას და გვექნება ჩვენი პასუხი.
ასეთი ტიპის დისკრიმინაციული განცხადებები არ უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში. ყველამ უნდა გაითავისოს ეს, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ, რაც უფრო ახალისებს იმ პრობლემას, რაც ამ ქვეყანაში არის“, – განაცხადა იოსელიანმა.