თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა

     დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა შპს “ყაზტრანსგაზის“ ანგარიში მოისმინეს. დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ირაკლი გაბუნიამ საკრებულოს წარმომადგენლებს “ყაზტრანსგაზის“ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კომისიის წევრების გარდა სხდომას მრავლად ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც ძირითადად მათ რაიონებში არსებულ პრობლემებს შეეხნენ და დაინტერესდნენ, თუ რა ბერკეტები გააჩნია აღნიშნულ კომპანიას მათ აღმოსაფხვრელად. დეპუტატების კითხვები ძირითადად ზამთრის პერიოდისთვის მზადებას, მოსახლეობის უსაფრთხო გაზმომარაგებისათვის კომპანიის მხრიდან აუცილებელი ღონისძიებების გატარდებას, აბონენტების დავალიანების გადანაწილებას, მრიცხველების მონტაჟს, მის დიზაინსა და მილების მიწის ქვეშ განთავსებას ეხებოდა. ფრაქციის “ქართული ოცნება – მრეწველები” თავმჯდომარე ვლადიმერ ძნელაძე დაზიანებული მრიცხველების ექსპერტიზის მუშაობას შეეხო და კომპანიას აბონენტების მიმართ მეტი ლოიალობისაკენ მოუწოდა. ფრაქციის “დემოკრატიული მოძრაობა“ წარმომადგენელი შალვა ობგაიძე კი, აირის ხარისხით დაინტერესდა. მანვე გამოთქვა ინიციატივა, შემუშავდეს ერთობლივი მექანიზმი, რაც ტარიფის შემცირებას შეუწყობს ხელს. საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი დავალიანების გადანაწაილების საკითხით დაინტერესდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სევდია უგრეხელიძემ კი “ყაზტრანსგაზის’’ წარმომადგენლებს ელექტრონული რუქის გაკეთება სთხოვა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა შესაბამისი სამსახურისთვის და საშუალებას მისცემს მენაშენეებს, უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად იმოქმედონ. სხდომაზე ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიის ფინანსურმა მდგომარეობამ და მისმა მომავალმა გეგმებმა. როგორც ირაკლი გაბუნიამ განმარტა, უსაფრთხოების კუთხით კომპანია დიდი მოცულობით ჩაატარებს სამუშაოებს, რაც გამოიხატება გეგმიურ გამაფრთხილებელ რევიზიაში. მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს თითოეულ მოსახლესთან მოუწევთ შესვლა, რათა მოხდეს ქსელის და დანადგარების შემოწმება – დათვალიერება, ასევე უვარგისი და გასარემონტებელი დანადგარების შეკეთება და ჩაჭრა. გაბუნიას თქმით, კომპანია მაქსიმალურად იზრუნებს, რომ ეს ზამთარი იყოს გაცილებთ უსაფრთხო წინა წლებთან შედარებით. მისივე განცხადებით, “ყაზტრანსგაზი“ 2014–15 წლებში დაახლოებით 80 000 მრიცხველის ნეიტრალურ ტერიტორიაზე გატანას გეგმავს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა აღნიშნა, ანალოგიური შეხვედრები და მჭიდრო კომუნიკაცია ხელს შეუწყობს იმ პრობლემების მოგვარებას, რაც მოსახლეობას აწუხებს. დეპუტატის თქმით, დღევანდელი სხდომის უმთავრესი მიზანია საკრებულო დეტალურად გაეცნოს კომპანიის მუშაობის სპეციფიკას დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების მიმართ, რათა პრობლემის მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდეს საჭირო თანხის განსაზღვრა. “აღნიშნულ საკითხს მერიასთან ერთად გავივლით და იმედი მაქვს დავაწესებთ შეღავათებს, რათა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ჩვენ ამის სურვილი ნამდვილად გვაქვს და ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრები ახლო მომავალში თელასის ანგარიშსაც მოისმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები