გიორგი ამილახვარმა ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები დააჯილდოვა
დღეს გაიმართა 100 საუკეთესო სტუდენტისთვის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია, რომელიც უკვე მეორე წელია კომპანია „გალფის“ ინიციატივით ტარდება,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ ის პირველკურსელები, რომლებმაც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ისინი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდიის სახით 300 ლარს მიიღებენ.
“გარდა ამისა, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეირჩა საუკეთესო ქულების მქონე ერთი სტუდენტი – ჯამში 10 პირველკურსელი, რომლებიც კომპანია „გალფის“ ინიციატივით 25-31 იანვარს გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, სან ფრანცისკოში, სადაც დაესწრებიან NBA-ს მატჩს და ესტუმრებიან სტენფორდის უნივერსიტეტს.
მინდა, თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანია “გალფის” წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.
ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ. სწორედ სამინისტროსა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტი არის საჯარო-კერძო პარტნიორობის სანიმუშო მაგალითი, როდესაც სახელმწიფო და კერძო კომპანია ერთობლივად ახორციელებენ სტუდენტებისთვის ასეთ მნიშვნელოვან პროგრამას. ეს არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის მომავალში – განათლებაში და უდიდესი სტიმული თითოეული სტუდენტისთვის, რომელმაც მოიპოვა სტიპენდია. მჯერა, აღნიშნული პროგრამა შეუწყობს ხელს სტუდენტებს, უფრო შემართებით გააგრძელონ სწავლა და მიაღწიონ მეტ წარმატებას.
თითოეულ სტუდენტს, მათ მშობლებს და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის პროექტებს და ღია ვართ თანამშრომლობისთვის სხვადასხვა კომპანიასთან”,- აღნიშნა ამილახვარმა.