განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცვლილებებით ფართოვდება საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურის ფუნქციები და მას ემატება ინკლუზიური განათლების კომპონენტი.

„მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ასევე, განისაზღვრება ინკლუზიური განათლებისა და ფსიქოსოციალური მუშაობის პროცესში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დამუშავებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

„ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განმარტება. მულტიდისციპლინური გუნდი იცვლება ფსიქო – საგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების გამწევი სპეციალისტების სახით. ახლებურად ყალიბდება სოციალური მუშაკის განმარტება, როგორც მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი და ზუსტდება რესურსსკოლების მიერ განსახორციელებელი მომსახურება“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კომიტეტმა პირველის მოსმენით განიხილა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი დაამტკიცოს.

ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, გათვალისწინებული წესით განისაზღვრება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობები. წესი ითვალისწინებს პრემიის თანხის ოდენობის განსაზღვრასა და ასევე სამკერდე ნიშნის გადაცემას. მისივე თქმით, გათვალისწინებული პრემია განსაზღვრულია ერთ პირზე – 10 000 ლარის ოდენობით.

სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესურსცენტრების თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს, მაშინ როდესაც რესურსცენტრების უფროსები არ ითვლებიან საჯარო მოხელეებად.

მომხსენებლის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი.

„საუბარია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორებზე, რომლებიც დაინიშნებიან 5 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, კოლეჯის მოქმედი დირექტორები დაინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლად და განხორციელდება კოლეჯის დირექტორების ახალი სტანდარტის საფუძველზე კონკურსი წესით დანიშვნა“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები