უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წარმატებული წინააღმდეგობა საქართველოს მომავალში, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივის შესაძლებლობას გაუხსნის.
ამის შესახებ მან გაერთიანებული საექსპედიციო ძალების წევრი ქვეყნების სამიტზე დისტანციურად ჩართვის დროს თქვა, რომელიც შვედეთში მიმდინარეობს.
ზელენსკიმ მეგობარ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ როგორ ავითარებს უკრაინა თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონის მეზობლებთან – რუმინეთთან, მოლდოვასთან, ბულგარეთთან, თურქეთთან.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მთელი ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია სტაბილურობაზე შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში.
”უსაფრთხოების ახალი პერსპექტივები ასევე გაჩნდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებების წყალობით. ეს შემატებს პოტენციალს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსული აგრესიისგან ჩვენი თავდაცვის წყალობით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ახალი პერსპექტივები გაჩნდება”, – თქვა მან.
ზელენსკიმ დღევანდელ ვითარებას “ისტორიული გზაჯვარედინი” უწოდა.
„არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: ან ტერორისტული რუსეთი მიაღწევს თავისუფლების დარღვევას და შემდეგ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ზონა, რომელიც არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში, გავრცელდება ჩვენს კონტინენტზე, ან თანამშრომლობის მრავალი დონისა და ფორმატის წყალობით, განსაკუთრებით რეგიონული, თავისუფლების ჩვენი საერთო დაცვის წყალობით, რუსეთი წააგებს ამ დაპირისპირებაში. და როდესაც ის წააგებს, შედეგად, გეოპოლიტიკური სტაბილურობის ისტორიული შანსი განხორციელდება სკანდინავიიდან მინსკისა და კიევის გავლით სამხრეთ კავკასიამდე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.