“მიზანშეწონილი იქნება, პრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში მაქსიმუმ 16 ოქტომბერს გამოცხადდეს” – მერაბ ტურავა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განაცხადებით, მიზანშეწონილი იქნება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, ამის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში მაქსიმუმ 16 ოქტომბერს გამოცხადდეს.
„დარეგისტრირდა 14 სექტემბერს და პლენუმს გადაეცა 15 სექტემბერს. გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნის ბოლო თარიღი და ბოლო დღე არის 14 ოქტომბერი. ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება, გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს. ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. კონსტიტუციაში წერია, რომ ეგზავნება პარლამენტს, მაგრამ, ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ზეპირი მოსმენით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას დარბაზში ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პარლამენტის 80-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდა.