რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დსთ-ს შემადგენლობაში შემავალი საქართველო და უკრაინა ამ ფორმატში თითქმის არ მუშაობდნენ, მოლდოვამ კი, პრაქტიკულად, დაკარგა იდენტობა, მაგრამ ეს მათი არჩევანია.
ამის შესახებ მან დსთ-ს შეზღუდულ ფორმატში სამიტზე განაცხადა.
„ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ადრე და შესაძლოა დღესაც ჯერ კიდევ ირიცხებიან დსთ-ში, ამ ფორმატში არ მუშაობენ. მაგრამ რისი თქმა მინდა. ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მცდელობით, მოეგვარებინა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და თავდასხმებით სამხრეთ ოსეთზე… და იმ შედეგებით, რაც წარმოიშვა ამ ავანტიურის შედეგად“, – თქვა მან.
პუტინმა აღნიშნა, რომ ოდესღაც უკრაინამ ხელი მოაწერა დსთ-ს შესახებ ფუნდამენტურ დოკუმენტს, მაგრამ, სინამდვილეში, სრული ფარმატით მას არ შეუერთდა.
“უკრაინამ არ მოახდინა ამ დოკუმენტების რატიფიცირება… ის თავდაპირველად, ფაქტობრივად, თავს არიდებდა ფართომასშტაბიან თანამშრომლობას. მაგრამ ისეთი ქვეყანა, როგორიც მოლდოვაა, პრაქტიკულად, კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა თავს საერთოდ არ მიიჩნევს მოლდოველებად, ისინი მიიჩნევენ, რომ რუმინელები არიან. მაგრამ ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ ქვეყნის იდენტობის სრული დაკარგვა “მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია”.