“ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს” – ირაკლი ბერაია

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას განცხადებით, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აუარესებს.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას, რაც წარმოადგენს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ, უხეშ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ ვართ ერთგული სამშვიდობო პოლიტიკის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ სამშვიდობო პოლიტიკას. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ბერაიამ.

გარდა ამისა, ბერაია ისრაელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„მინდა, კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენი მოძმე ებრაელი ხალხის მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ისრაელი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, ტერორისტები იქნებიან განადგურებულები და ისრაელის მიწაზე დაისადგურებს მშვიდობა“,- განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები