„რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით“
დღეს მთავრობის მეთაური სოფელ ველისციხეში შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ახალი საწარმოს გახსნას დაესწრო, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
„ეს ღვინის ქარხანა კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტია, რომლის განხორციელებას შეღავათიანი აგროკრედიტის სამთავრობო პროექტმაც შეუწყო ხელი. ჩვენ დღეს ყველა ბედნიერები ვართ – ვხსნით ახალ ქარხანას, სადაც ქართველი გლეხის მოყვანილი ყურძენი დამუშავდება. ამ ქარხანაში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. ჩვენი მასპინძელი კომპანია წლის ბოლომდე კიდევ 4 ახალ საწარმოს გახსნის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით და გვალვიანი ზაფხულის მიუხედავად, წელს, სავარაუდოდ, 100 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება. პრემიერის ინფორმაციით, გურჯაანში გაიხსნა და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს რთველის საკოორდინაციო შტაბი.
„აღარ უნდა იდგეს ყურძნისა და მოსავლის გადამუშავების პრობლემა და სულ უფრო უნდა გავზარდოთ ღვინის ექსპორტი. მე გპირდებით, რომ რთველი 2014 გამორჩეული იქნება ორგანიზებისა და საბაზრო თვითრეგულაციის დამკვიდრების ხარისხით. მინდა გითხრათ, რომ სუბსიდია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 35 თეთრით, ხოლო საფერავზე – 15 თეთრით. თანდათანობით მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდიის მაღალი საბაზრო ფასით ჩანაცვლების პროცესი“,–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა საირიგაციო პროექტებზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლის მარტიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საცდელ რეჟიმში უკვე მზად იქნება.
“მთავრობა ორივე მიმართულებით მუშაობს. მუშავდება საირიგაციო პროექტები, მომავალი წლის მარტიდან კი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საცდელ რეჟიმში უკვე მზად უნდა იყოს. პროექტის მიხედვით, სისტემა ძალიან ეფექტიანი ჩანს და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ მასზე. ჩვენ დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაც იმისათვის, რომ გლეხს, ფერმერს, მეწარმეებს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ,”-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა წარმატებები უსურვა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის” ხელმძღვანელს ზურაბ ჩხაიძეს და მასპინძელთან ერთად ახალი ღვინის ქარხანა დაათვალიერა.