დავით ნარმანია USAID-ის სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერების/ სუფთა ენერგიის პროგრამის ხელმძღვანელს, დეინა ქენის და პროექტზე მომუშავე ჯგუფს შეხვდა.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გაცნობით შეხვედრაზე სუფთა ენერგიის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული ამ მნიშვნელოვანი პროექტის ერთ-ერთი ადრესატია.
მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რაზეც თბილისის მერიამ თავის დროზე ხელი მოაწერა.
„თბილისის მთავრობის სამომავლო პოლიტიკაა, გარე-განათების და მუნიციპალური ტრანსპორტის კუთხით ვიფიქროთ თანამედროვე ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე, რომელიც დედაქალაქში ნახშირორჟანგის მოცულობას შეამცირებს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დეინა ქენიმ მერიის სამსახურების ხელმძღვანელთა სამუშაო ჯგუფი ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიწვია, სადაც მდგრადი ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. თვითმმართვველი ქალაქების მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა ბათუმში მომავალ კვირას გაიმართება და მასში თბილისის მერიის არქიტექტურის, ტრანსპორტის, ეკონომიკური, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და სხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები