„ალასანიამ და ფანჯიკიძემ უელსიდან სასურველი შედეგი ვერ ჩამოიტანეს, ისინი უნდა გადადგნენ“
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ უელსის სამიტის შემდეგ საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებები გადაჭარბებულია და რეალობას არ ეფუძნება. მეტიც, თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ არსებითი პაკეტის გადმოცემით საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება, კასრელიშვილი პოპულისტურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანია საზოგადოებას მსგავსი განცხადებებით თვალში ნაცარს აყრის.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ულსის სამიტიდან ფანჯიკიძემ და ალასანიამ სასურველი შედეგი მაპის სახით ვერ ჩამოიტანეს.
„ყველას კარგად გვახსოვს ნატოს თემაზე სააკაშვილის მიერ დაწყებული ცრუ მოლოდინები და პოპულისტური განცხადებები, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ალიანსის წევრები გავხდებოდით. უელსის სამიტის შემდგომ გაკეთებული განცხადებებით ახლა ამ პათოსს თავდაცვის მინისტრი განაგრძობს. ალასანიამ და ფანჯიკიძემ საქართველოში სასურველი შედეგი ვერ ჩამოიტანეს. მათ თანამდებობებს და სავარძლებს არაკვალიფიციური მუშაობისთვის საფრთხე რომ არ დაემუქროს, ატეხეს აჟიოტაჟი, რომ სადაცაა ნატოში გავწევრიანდებითო. ეს ორი ადამიანი უნდა გადადგეს თანამდებობიდან და ისეთ ადამიანებს დაუთმონ უწყების მართვა, ვინც რეალურ შედეგამდე მიგვიყვანს. მე არ ვამბობ იმას, რომ უელსის სამიტმა დადებითი არაფერი მოგვიტანა. საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. სამიტზე გამოჩნდა, რომ ნატო ქართველებს დაგვთანხმდა, რომ საკუთარი უსაფრთხოების სისტემის აშენებაში დაგვეხმარება. ასევე ფინანსურად და ტექნიკური აღჭურვილობას დაგვახმარს. თუმცა ამხალა აჟიოტაჟის შექმნა საჭირო არაა“, – აცხადებს “კვირასთან“ საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ნატოს მიერ უელსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში დაფიქსირებულ პოზიციას “დამაწყნარებელი აბის“ ეფექტის მქონეს უწოდებს. მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ანუ ე.წ. მაპი “არსებითი პაკეტისგან“ განსხვავდება. ამიტომ პრეზიდენტის განცხადებას, რომ “იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად ქვეყანა იმ დონეს მიაღწევს, რომელსაც ქვეყნები მაპის საშუალებით აღწევდნენ“ – კასრელიშვილი სიცრუეს უწოდებს. კასრელიშვილის შეფასებით, საქართველოს არსებითი პაკეტი წლების წინ რომ მიეღო, დიდი მიღწევა იქნებოდა. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც უკრაინაში კრიზისია და რეგიონში აგრესიული ფონი გამძაფრებულია, ნატომ საქართველოსთან მიმართებაში უფრო მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას.