” ჩვენთვის აშშ-ს სამხედრო დახმარებას რუსეთი თავის შესუსტებად აღიქვამს”
საქართველოსთვის აშშ-ს მიერ სამხედრო დახმარების გაწევას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას რუსეთი თავისი თავდაცვისუნარიანობის შესუსტებად აღიქვამს, – ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უელსის სამიტზე ჩვენ მივიღეთ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საშუალება ეძლევა, ნატოსთან ერთად შექმნას საწვრთნელი ცენტრი. მაჭავარიანის აზრით, ეს შესაძლებლობას უქმნის კონკრეტულ ქვეყნებს, ნატოს იურიდიული დოკუმენტების ფარგლებში გააძლიერონ თანამშრომლობა საქართველოსთან. „რუსეთი მეზობელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას აღიქვამს როგორც თავისი თავდაცვისუნარიანობის შესუსტებას. ჩვენ ეს ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – გერმანიის და სხვათა მონაწილეობა, რომ ჩვენ უსაფრთხოების დიალოგში ვიყოთ მათთან და პარალელურად რუსეთთან მუშაობა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. საქართველოს საგარეო პოლიტიკა დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია, ამ კუთხით მეტი კოორდინაცია, მეტი ანალიზი და გამჭრიახობაა საჭირო“,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.