ხატია წილოსანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს გაცხადებულ მიზანს, იყოს მედიატორი ჩვენს მეგობრებს შორის
“სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნება, გაუმჯობესება ყველა ქვეყნის ინტერესებშია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აგრძელებს თავის გაცხადებულ მიზანს, იყოს მედიატორი ჩვენს მეგობრებს შორის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხატია წილოსანმა განაცხადა.
წილოსანი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება ისეთი სტაბილური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყნებს, შესაბამისი როლი და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.
„დარწმუნებული ვარ, მზაობა მათი მხრიდან, ლიდერებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოს ჩართულობით, კიდევ ერთხელ იქნება წარმატებული და სამხრეთ კავკასიაში იქნება ისეთი სტაბილური გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, შესაბამისი როლი და წვლილი შეიტანონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: “ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთის ქვეყნისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება”.