გივი მიქანაძე: ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო
“გაზრდილია საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, განსაკუთრებით, რეგიონში ასეთი მძიმე მოვლენები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ კოპენჰაგენში განაცხადა.
მიქანაძის თქმით, შეხვედრებზე მაქსიმალურად ამახვილებენ ყურადღებას კანდიდატის სტატუსის თემაზე.
„ცალსახად გაზრდილია საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, განსაკუთრებით, რეგიონში ასეთი მძიმე მოვლენები მიმდინარეობს. ამასთან ერთად, არის მცდელობა, რაც ბოლო დღეებში გაჟღერებული ინფორმაციებით დასტურდება, რომ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ სწორედაც რომ შავ ზღვაზე დომინირების გაზრდისთვის იქნეს გამოყენებული, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს. ამ მხრივ დღეს რამდენიმე რეზოლუციაც იქნა განხილული და მიღებული, ამ რეზოლუციებში საქართველო ცალსახად არის აღნიშნული. ყველა მონაწილე სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ არის დადასტურებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა. აღნიშნული არის იმ უსაფრთხოების რისკების შესახებ, რომელიც შავ ზღვაში არსებობს და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც გლობალური უსაფრთხოება დგას. ასევე, ცალსახად არის ხაზგასმული, რომ საქართველოსთან მიმართებით უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს და გაზრდილი იყოს თანამშრომლობა, რათა საქართველოს დაცულობა, უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს, რაც შავ ზღვაზე და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების გაზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის ის ძირითადი გზავნილები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ პარტნიორების მხრიდან სწორედ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
შეხვედრები, როგორც ორმხრივი, ასევე კომიტეტზე მუშაობის და მრავალმხრივ ფორმატებში, მაქსიმალურად არის გამოყენებული ჩვენთვის , რომ ყველაზე მოახლოებულ, უმნიშვნელოვანეს საკითხზე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გვქონდეს საუბრები, განსაკუთრებით იმ ქვეყნის დელეგაციებთან, რომლებიც ევროკავშირს წარმოადგენენ და რომელთა პოზიციაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საბოლოო გადაწყვეტილებაში. ყველა შეხვედრაზე ჩვენმა პარტნიორებმა ცალსახად დაგვიდასტურეს ღია მხარდაჭერა, ამბობენ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რომ მაქსიმალურად ჩვენ გვერდით დგანან და მათი მოლოდინიც არის, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მადლიერება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაზე, იმ გვერდში დგომაზე, რომელიც მათი მხრიდან პოლიტიკურ დონეზე ფიქსირდება როგორც უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.