მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით დგანან – ისრაელის ელჩი
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს იმისთვის, რომ ჩვენს გვერდით დგანან. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც პოსტს აქვეყნებს ან პირად შეტყობინებას აგზავნის და ისრაელზე ფიქრს ერთი წუთი მაინც დაუთმო, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა imedinews-ს განუცხადა.
„ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელის მოქალაქეებზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. მილიონობით ადამიანი დილიდან თავშესაფარშია. გარდა ამისა, „ჰამასის“ ათობით ტერორისტი ღაზადან ისრაელში ადგილობრივი ოჯახების მოკვლის მიზნით გადავიდა. ისრაელის ათასობით მოქალაქე ჯერ კიდევ საკუთარ სახლშია ჩაკეტილი და ტერორისტებისგან იმალება.
ეს არის იმ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რომელთაც „ჰამასი“ ხელმძღვანელობს, ისრაელის მხრიდან ყოველგვარი საბაბის ან წინასწარი ქმედებების გარეშე. ისრაელი ყველაფერს გააკეთებს თავისი მოქალაქეების დასაცავად და ჰამასს პასუხისმგებლობას დააკისრებს. ღაზას სექტორის მოსახლეობა ისრაელის მტერი არ არის. „ჰამასი“ მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებიდან შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებს“, – განაცხადა ელჩმა.