“რუსეთისთვის ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ ის შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს გავლით შუა აზიისკენ მიმავალ მარშრუტს გააკონტროლებს”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
კასრელიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.
“როდესაც უკრაინის არმიამ სამხრეთის მიმართულებით შეტევები გაააქტიურა და შავი ზღვის ფლოტის რანდენიმე ფლაგმანი ჩაძირა, მაშინ ვამბობდით, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძულებული გახდებოდა, ყირიმისთვის შავი ზღვის ფლოტი მოეცილებინა. შავი ზღვის ფლოტი თავის შემადგენლობით , რაოდენობით, გნებავთ, სიძლიერით ძალიან დიდი არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მოსაყენებლად სავსებით საკმარისია. რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამცნეს, რომ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის ბაზა უნდა ააშენონ. ეს ძალიან ცუდი მოვლენაა. ამ რთულ ვითარებაში, თუ ასეთ საბედისწერო შეცდომას დაუშვებდნენ, ნამდვილად არ გვეგონა. ერთი მხრივ, რუსეთისთვის ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ ის შავი ზღვის აკვატორიაში საქართველოს გავლით შუა აზიისკენ მიმავალ მარშრუტს გააკონტროლებს. დაკეტავს -მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ გააკონტროლებს და ეს კარგი კონტროლი არ იქნება. ეს მარშრუტი საფრთხისშემცველი გახდება და სერიოზული ინვესტორები ინვესტიციების ჩადებას და ამ მარშრუტით სარგებლობას მოერიდებიან. სიმართლე გითხრათ, სხვა მარშრუტებიცაა, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ეს მარშრუტი გაძვირდება და შესაბამისად, ტვირთების რაოდენობაც იკლებს. საქართველოს გარდა, ამით სომხეთი, აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები დაზარალდებიან. ეს პროცესი ჩინეთამდე მივა. თუმცა, ჩინეთს სხვა საშუალებებიც აქვს, ტვირთები ამოძრაოს. ყარაბაღის დათმობამდე რუსეთს ეს გეგმა ჰქონდა. მისთვის ყარაბაღის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის , შუა აზიის ქვეყნების ინტერესები არაფერს წარმოადგენს, თუ შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაზე კონტროლი აქვს.
რუსეთი ფლოტს მალავს. არ გვგონია, რომ ბაზის მშენებლობას მოასწრებს, მაგრამ თუ მაინც და მაინც მოასწრო, ეს იქნება ყველაზე დაუცველი სამხედრო ბაზა, რაც კი შავი ზღვის აკვატორიაში არსებობს. ყველა მიმართულებიდან და ყველა მხრიდან შეიძლება, მიწვდე როგორც მოკლე მანძილზე, ისე საშუალო და გრძელ მანძილებზე. როგორც ჩანს, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დასაშვებად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ყირიმი დაკარგოს, ან დატოვოს. რუსეთი სახმელეთო ბრძოლებში სამხრეთის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევას ვერ უძლებს , თავს იცავს და როგორც გითხარით, ფლოტს მალავს. ეს პირველი შემთხვევა არაა, ამ რამდენიმე ხნის წინ ნოვოროსიისკის
მიმართულებითაც შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გაიყვანა
ეს იმას ნიშნავს, რომ უჭირს.
ამ ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა ის აქვს, რომ რუსეთი ცდილობს, კარიბჭე აიღოს, კავკასიასა და შუა აზიაში შემავალ, კავკასიიდან და შუა აზიიდან გამომავალ ტვირთებზე არალეგალური საბაჟო დააყენოს. შესაბამისად, ეს პრობლემებს ევროპელებსაც შეუქმნის იმის გამო, რომ ამ მარშრუტით იმოძრავებს ევროპისკენ მიმავალი და, პირიქით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ტვირთები.
საქართველოს მთავრობამ განცხადება გააკეთა. ვფიქრობთ, მარტო ეს საკმარისი არ იქნება. გაეროს გენერალურ მდივანს, ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას განცხადებით უნდა მივმართოთ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს, პირველ რიგში, სტრატეგიულ პარტნიორს, ევროკავშირს, ასევე მნიშვნელოვანია, პირდაპირი კონტაქტი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შუა აზიის ქვეყნების პრეზიდენტებთან.
გარდა ამისა, აუცილებელია, ოპოზიციამ თავის სახე გვაჩვენოს, საპარლამენტო ტრიბუნებიდან კი არ უნდა იქნევდნენ თითებს და ტელევიზიებიდან კი არ უნდა ილანძღებოდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებაც გვინდა , მოვისმინოთ, გვაინტერესებს, რა კავშირები აქვთ. ამ ცუდ ინციდენტთან დაკავშირებით რომელ ინსტაციებს მიმართავენ”, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო – საზღვაო ძალების ბაზას განათავსებს.
როგორც დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
„ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა ოჩამჩირის რაიონში იქნება“, – განაცხადა ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.