მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ბელგიის სამეფოს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ელიან ტილიესთან, სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გაეტან ვან გოიდსენჰოვენთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე მარკ დემესმეკერთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის პერსპექტივები და გამოწვევები. ხაზი გაესვა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ბელგია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, შესაბამისად, შეხვედრების ფარგლებში, განიხილეს ბელგიის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ბელგიელმა კოლეგებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოხატეს.

ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალია-საქართველო” გახსნით ღონისძიებაში, რომელიც ქართული მხრიდან საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებაში ბელგიის მეფე მისი აღმატებულება ფილიპი, დედოფალი მატილდა და ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ბელგიის სამეფო არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლებს ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები