ComCom-მა ოზურგეთსა და ჩოხატაურში eAuction.ge-ის გამოყენების შესახებ სემინარები ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული პორტალის – eAuction.ge-ის შესახებ, სემინარები ჩატარდა. სემინარზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან კიკნაძე უძღვებოდა, განხილული იყო პორტალის დანიშნულება, მისი შესაძლებლობები და გამოყენების წესები. შეხვედრებში მონაწილეობა 50-ზე მეტმა მეწარმემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების ტრენინგ მოდულების გარდა, ითვალისწინებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ელექტრონული სერვისების გამოყენების ხელშეწყობას და ამ მიმართულებით, შესაბამისი სემინარების ჩატარებას.
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.