მამუკა მდინარაძე: თურმე, რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურნენი კარვებზე

“თურმე, რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურნენი კარვებზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც გააფთრებით იცავს ე.წ. კარვებისა თუ სხვა კონსტრუქციების კანონპროექტს, იტყუება, რომ კარვები და ასეთი კონსტრუქციები იკრძალება.

„ჯერ ხომ კარვების პროექტად მონათლეს, როცა კონსტრუქციაში მილიონი სხვა რამე შეიძლება იგულისხმებოდეს და თურმე თავიანთ კარვებზე რამხელა იმედებს ამყარებენ. ვინც ასე გააფთრებით იცავს ე.წ. კარვებისა თუ სხვა კონსტრუქციების კანონპროექტს, იტყუება, რომ კარვები და ასეთი კონსტრუქციები იკრძალება და ეს ტყუილი არ უნდა გავუტაროთ. ამ გააფთრებული დაცვით მტკიცდება, რომ ისინი უერთდებიან გეგმას, რომელიც გამოამჟღავნა სუს-მა – მოხდეს ადამიანების აფეთქება და სიკვდილით რაღაც ბენეფიტები მოიპოვონ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების და მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები