კახეთის რეგიონში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე კახეთის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, 42 მილიონ ლარამდე ღირებულების, 17 სხვადასხვა საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრ სამუშაობს ახორციელებს, საიდანაც 6 პროექტი წელს უკვე დასრულდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 17 პროექტზე, კახეთის რეგიონში დასაქმებულია 750-მდე ადამიანი, საიდანაც თითქმის 50% ადგილობრივი მოსახლეა. კახეთის რეგიონში, გზების რეაბილიტაციის და ნაპირსამაგრი სამუშაოების ყველა პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, რაც მოსახლეობის შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. დეპარტამენტის თავმჯდომარე, მის მოადგილესთან ირაკლი ლითანიშვილთან და სიღნაღის მაჟორიტარ დეპუტატ გელა გელაშვილთან ერთად, ქალაქ წნორში ბოდბისხევზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებს დაესწრო. ბოდბისხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები 70-იანი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. წლების განმავლობაში უამინდობისა და წყლის მოვარდნის გამო დაზიანებული იყო ბოდბისხევის ორივე ნაპირი, რის გამოც ადგილობრივთა საცხოვრებელი სახლების დატბორვის საშიშროება იყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსახლოებას აღნიშნული პრობლემა სრულად მოუგვარდება. ნაპირსამაგრი სამუშაოები 1კმ-სა და 200 მეტრზე მიმდინარეობს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მილიონ 50 ათასი ლარია.
ნაპირსამაგრი სამუშაოები 2014 წლის აპრილში დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. ვაჟა ფანჩულიძე, ასევე, სასადილო-სიონის 17 კმ-იანი და ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას 6.5 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაესწრო. სასადილო-სიონის საავტომობილო გზის 17 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ორივე პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 11 მილიონ 142 ათასს ლარს შეადგენს. 17 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისში დასრულდება, რაც შეეხება ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის 6.5 კილომეტრიან მონაკვეთს ის ერთ თვეში დასრულდება. სიღნაღის დეპუტატი და დეპარტამენტის თავმჯდომარე ბოდბისხევში ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდენენ და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები