ანრი ოხანაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი პოზიციები გაჟღერდება
„ქართული ოცნების“ გუნდი არის მზად, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის არგუმენტები და მტკიცებულებები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვთვლით, რომ ადგილი აქვს კონსტიტუციის მიზანმიმართულ და უხეშ დარღვევას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი პოზიციები გაჟღერდება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ გაჟღერდება სამართლებრივი საკითხები, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებზე უნდა იყოს დისკუსია და მსჯელობა. ასევე, მოლოდინი გვაქვს, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან სამართლებრივი პოზიციები გაჟღერდება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით დღეს წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება.