მამუკა მდინარაძე – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები,

თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, აშშ-მა უნდა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში.

„ნებისმიერმა ორგანიზაციამ, მათ შორის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ისეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, როგორიც არის USAID, მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთოს. მკაფიო განმარტებები ვერ მოვისმინეთ, ამის ნაცვლად მოვისმინეთ, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ცინიკური განცხადება იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენ რაც მოვისმინეთ ის ტექსტი არ ყოფილა და ახალგაზრდების რევოლუციისთვის მზადება კი არ ყოფილა, თურმე კანონთან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას. თუ ეს მოცემულობა მართალია, მაშინ ჩვენ ვართ მტყუანები და საქართველოს ყველა მოქალაქეს დღეს რაც ვნახეთ ჩანაწერებში, მოგვეჩვენა ეს ყველაფერი, არ ყოფილა რევოლუციაზე საუბარი და რევოლუციის პრაქტიკის გაზიარებაზე საუბარი. ახალგაზრდების ჩართულობაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ამ დონის ცინიზმი მივიღეთ დღეს სამწუხაროდ და როდესაც საუბარია ჩვენს მეგობარზე, დიახ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ სიმართლეს და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მეგობრები ამ შემთხვევაში არ არიან მართლები. ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ და ვითხოვთ, განსაკუთრებით ჩვენი მეგობრებისგან, მეგობრისგან უფრო გვაქვს მოთხოვნის უფლება, კონკრეტულ განმარტებას, რატომ აფინანსებდნენ ძალისმიერ რევოლუციურ მოდელს და მის ტრენინგებს საქართველოში, ამაზე გაგვცენ პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და „მტკიცებულებების ნაწილი“ გაასაჯაროვა. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სუს-ის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის დახმარების მიზნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები