მამუკა მდინარაძე: შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რასაც ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა აქვთ განზრახული
შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან ის ადამიანები გვახვევენ, რომლებსაც განზრახული აქვთ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდების მონაწილეობით, უცხოური დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგები და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები.
„საუბარი გვქონდა სუს-ის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ასევე ახალი ინფორმაცია, რომ საქართველოში იგეგმებოდა, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გვაცნობა და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ნახევარი, რაც ჩვენ გავიგეთ წინა ბრიფინგიდან, უკვე გამართლდა, ახდა, როგორც იტყვიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ღლიცინს არ იშურებდნენ ამ ახალი ინფორმაციის მიმართ. უკვე ვნახეთ, რომ დიახ, ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები უცხოური დაფინანსებით და ამის ავტორები და შემოქმედები იყვნენ ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, რომლებიც ასევე დასახლებული იყვნენ სუს-ის წინა ბრიფინგის ტექსტში. მეორე ნახევარი უკვე არის ამ გეგმის აღსრულება, რასაც ქართული სახელმწიფო, შემდგარი ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხის გასაცემად, რასაც გარედან თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი, დემოკრატიული, ლეგიტიმური – ანუ, არჩევნების გზით საქართველოში დღეს ხელისუფლების შეცვლა ქართულ ოპოზიციას არ შეუძლია. ამიტომ ფიქრობენ, რომ შეცვალონ ძალადობრივი გზით. ამის შემდეგ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოს მეორე ფრონტად ქცევა. ამას არ დაუშვებს ქართული, შემდგარი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.