ირაკლი ქადაგიშვილი: ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ, ვერანაირ რევოლუციაზე ისინი ვერ გადიან, მაგრამ ტრენინგებზე სწორედ იმაზეა საუბარი, მცირე მუხტი როგორ გადაზარდო უფრო მძლავრ მუხტში

ნათლად ვხედავთ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ, ვერანაირ რევოლუციაზე ისინი ვერ გადიან, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ გარკვეული საპროტესტო მუხტი და ტრენინგის კადრებში ახსნილიც იყო, მცირე მუხტი როგორ უნდა გადაზარდო უფრო მძლავრ მუხტში, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვინც ამ ისტორიის თანამონაწილეა და გაიშიფრნენ, ყველა შეეცდება მაქსიმალურად გულუბრყვილოდ წარმოაჩინონ თავი. სინამდვილეში ვხედავთ რასთანაც გვაქვს საქმე. მცირე მონაკვეთებითაც კი, რა კადრებიც იქნა გაშვებული, ნათლად ჩანს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროტესტის რადიკალიზაცია და ამ რადიკალიზაციის პროცესში როგორ უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც საბოლოო ჯამში სიტუაციას მიიყვანს კრიტიკული დუღილის წერტილამდე. ამ წერტილის შემდეგ რა მოხდება, ეს კიდე ცალკე გამოცდილებაა, რომელიც ისედაც დაგროვილია მსოფლიოში. როდესაც ასე ხელოვნურად იქმნება კრიტიკული დუღილი, ხდება იმ ფარული უბედური შემთხვევის ჩართვა, რომელიც პროცესების აბსოლუტურ რადიკალიზაციას იწვევს. ნათლად ვხედავთ, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არსებობს, ამიტომ ვერანაირ რევოლუციაზე ისინი ვერ გადიან, მაგრამ აქ სწორედ ამაზეა საუბარი, რომ გარკვეული საპროტესტო მუხტი და იქ [ტრენინგის კადრებში] ახსნილიც იყო, მცირე მუხტი როგორ უნდა გადაზარდო უფრო მძლავრ მუხტში. აქ პირდაპირი ტექსტითაა ყველაფერზე საუბარი, აქ არ არის საუბარი სამოქალაქო განათლებაზე, ადამიანის უფლებების რეალიზაციაზე. არ არის საუბარი როგორი უნდა იყოს მშვიდობიანი მიტინგი, ისე რომ არ დაირღვეს არც მომიტინგის უფლებები და არც კანონი. აქ საუბარია იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ დემოკრატიული თავისუფლების პირობებში მიტინგი პროვოცირებისათვის და პროვოკაციული ქმედებებისათვის. ეს არის მარტივად რომ ვთქვათ, მთელი ამ ტრენინგების შინაარსი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები