“შეეშვით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს!” – ანნა სააკაძე მიმართვას ავრცელებს

ცნობილი ქველმოქმედი და ცხოველთა უფლებების დამცველი ანნა სააკაძე, მრავალი წელია ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უფლებებისთვის იბრძვის. ამ მიზნით, დააფუძნა ორგანიზაცია “ონკოპაციენტი ბავშვებისთვის” და წამოიწყო კამპანია – hair4all.

ბოლო დროს რამდენიმე ექიმის წამოწყებულ კამპანიას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას ეხება, ანნა სააკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართველ პაციენტებს და სახელმწიფო ქართულ მედიცინას ასამარებს.

მისივე თქმით, ყველა პოსტის ავტორმა იცის, თუ რა მიზნით მიიღო სახელმწიფომ აღნიშნული გადაწყვეტილება და რას ითვალიწინებს პროგრამა, თუმცა, ზოგიერთი მედიკოსი მაინც ცდილობს ცეცხლზე ნავთის დასხმას.

“ვისაც ამნეზია დაგეტაკათ, სათქვენოდ! გადაგამეორებინებთ.

მოკლედ, ცოტა ხნის წინ საქართველოში მცხოვრებმა ონკოპაციენტმა ბავშვებმა მიიღეს სახელმწიფოსგან უფასო დაფინანსება საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ვინც თითებზე დაიხვიეთ “დიდი თურქობა და ბლა ბლა”, დაფინანსება არ შეხებია მხოლოდ თურქეთის კლინიკას.
დაფინანსება მოქმედებას.

თურქეთში, ანადოლუს კლინიკაში როგორც სოლიდურ, ისე ჰემატოლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში;
ისრაელში, იხილოვის კლინიკაში მხოლოდ ჰემატოლოგიური დიაგნოზების შემთხვევაში:
ესპანეთში იმ შემთხვევაში, თუ ონკოპაციენტ ბავშვს სჭირდება პროტონოთერაპია –
მიზეზი, რის გამოც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, არის შემდეგი – ამ დრომდე იყო მხოლოდ ერთი ონკოდეპარტამენტი იაშვილში. ამ დეპარტამენტმა უმარტივესი მოთხოვნებიც ვერ დააკმაყოფილა. ჩამონათვალი გრძელია და რადგან კითხვა არ გიყვართ, მოკლედ დავწერ – მცდარი დიაგნოზი, ანტისანიტარია, ზოგ ბავშვს ჭერი დაემხო, ზოგს – ფანჯარა, გაუმართავი მკურნალობის სქემები და უვარგისი წამლები. ნუ, მოკლედ, ეს ისტორიებიც იცით.

ეს ბოლო პერიოდია, ექიმებში “მოიხოდა” კამპანია, თითქოს, ასეთი დაფინანსება ყველა დიაგნოზის ბავშვს ეხება, ან ზოგადად ქართველ პაციენტებს და ვაიმე სახელმწიფო ქართულ მედიცინას ასამარებს, იმის მაგივრად, აქ რამე გააკეთოს – იქ უშვებსო, იწერება ასეთი სახის პოსტები!!
ყველა პოსტის ავტორმა იცის, რომ დაფინანსება მხოლოდ ონკოპაციენტ ბავშვებს შეეხოთ, მაგრამ წიხლის დაჭერა უფრო სასიამოვნო ყოფილა.
მიზეზი ხომ იცით! რატომ ასხამთ ცეცხლზე ნავთს!
შეეშვით, რა, ამ ბავშვებს და ამ ამბავს ერთხელ და სამუდამოდ!!
დიდი თურქობააო ( მარტო თურქეთის კლინიკა ამოიღეს მიზანში, რადგან თურქეთის კლინიკაზე ადვილია, ცუდი თქვა და ამხელა იხილოვის კლინიკას ვითომ ვერ ხედავენ).
ხოდა, ძააან ტეხავს ექიმებისგან!
დიაგნოზს რომ უნდა ებრძოდეთ და სამი წლის ონკოპაციენტი ბავშვის ამბავს აკრავთ პოლიტიკურ სარჩულებს!
პროექტი აქტიურია ბავშვებისთვის ახალი ონკოკლინიკის აშენებამდე, რომელიც ისრაელის მხარდაჭერით უკვე პროცესშია!
და ბორდში სულ ნარჩევი ექიმები იქნებიან.
ასევე, ვრცელდება ჭორები და აშინებენ მშობლებს, რომ თითქოს ეს პროგრამა ყველა ბავშვს არ დააფინანსებს, დიდი რიგებია და ა.შ. პროცესი არის სინამდვილეში უმარტივესი და ვისაც გჭირდებათ, გამოიყენეთ ეს შანსი.

ოკლედ, ვისაც გეხებათ, თითი გამოიღეთ პირიდან – ეს რჩევაა “, – წერს სააკაძე.

ცნობისთვის, ექიმმა ლევან ჩიკვატიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “დიდი თურქობა ქართულ მედიცინაში….
გიორგი ll”

 

ასევე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ნეიროქირურგი, ლადო წიქარიშვილი.

“არა, რა, ხელისუფლება, რომელიც საკუთარი სერვისების განვითარების და მასზე ზრუნვის ნაცვლად საქართველოს ჯანმრთელობას უცხოეთს მიანდობს, პირადად ჩემგან პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებს”, – დაწერა წიქარიშვილმა სოციალურ ქსელში.

აღნიშნული პოსტებით მედიკოსები სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ კლინიკებში მკურნალობის დაფინანსების პროგრამას გამოეხმაურნენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობას უფინანსებს. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, პროტონოთერაპიას. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები