“სომხეთში აქციები რუსეთის მიერ ინსპირირებული არ არის, ფაშინიანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მოსკოვი ასეთი საქმეებით არასდროს არის დაკავებული” – რუსეთის საგარეო უწყება
“სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გზავნილი შეიცავს მიუღებელ თავდასხმებს რუსეთის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„სახეზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ჩავარდნისთვის პასუხისმგებლობის მოხსნის და მოსკოვზე დაკისრების მცდელობაა”,- ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიურმა დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სამოკავშირეო ვალდებულებების მიმართ ყოველთვის ერთგული იყო და სომხურ სახელმწიფოებრიობას სცემდა პატივს, არ აყენებდა ქვეყანას არჩევანის წინაშე „ან ჩვენთან ან ჩვენ წინააღმდეგ“.
მოხსენებაში ასევე მითითებულია, რომ იმის ნაცვლად, ფაშინიანს დაეცვა “ჯენტლმენური შეთანხმება რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის ყარაბაღის მომავალზე”, ის დაემორჩილა დასავლეთის შეგონებებს.
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ბრალდებები, თითქოს სომხეთში საპროტესტო გამოსვლები რუსეთმა გამოიწვია, რეალობას არ შეესაბამება.
„განცხადებებს, რომ პროტესტები იყო შთაგონებული რუსეთის მიერ, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. სომხეთის მთავრობის მეთაურმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მოსკოვი ასეთი საქმეებით დაკავებული არ არის, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ გამოცდილია „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზებაში, მაგრამ უცნაური დამთხვევით არჩია, არ შეემჩნია ხელისუფლების მიერ დემონსტრანტები დევნის მრავალი ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც სამინისტროში აღნიშნეს, აშშ-ის ელჩი სომხეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებს.
„ამ ფონზე, აშკარად ხელისუფლების წაქეზებით, სომხურ მედიაში გაჩაღდა ნამდვილი ანტირუსული ბაკჰანალია“, – აღნიშნულია განცხადებაში.