ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 128 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, ასევე, 197 მილიონ დოლარს იარაღისა და აღჭურვილობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
როგორც CNN-ი წერს, აღნიშნული განცხადება ბლინკენმა ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრის დროს გააკეთა.
„პაკეტში შედის დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან ახლა და მომავალ ზამთარში, როდესაც რუსეთი, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს განაახლებს“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, პაკეტი ასევე მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და კასეტურ საბრძოლო მასალებს, რაც „კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის უნარს განაგრძოს კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ“.