“ეს რთული გზა უნდა გავიაროთ სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის” – ფაშინიანმა მოსახლეობას მიმართა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ ვითარებაში “ჩვენ უნდა ვისაუბროთ მშვიდობაზე და არ უნდა ავურიოთ ის ზავში”.

ამის შესახებ მან რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვის დროს თქვა.

„დღეს ჩვენ რთულ პერიოდებს გავდივართ, მაგრამ მნიშვნელოვანია – გვესმოდეს, რატომ უნდა გავიაროთ ეს გზა. აუცილებელია მშვიდობა. ეს არის ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.

ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ ვითარებაში შეუძლებელია მშვიდობაზე საუბარი, მაგრამ სწორედ ამ პირობებში უნდა ვისაუბროთ მშვიდობაზე და ის არ უნდა აგვერიოს ზავში. ეს რთული გზა გადის შიდა და გარე შოკებზე და ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და მომავლისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაცია რესპუბლიკის სსრკ-დან გამოყოფის შესახებ, არის სომხეთის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.

„მე მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საგარეო და რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისას ვეყრდნობი 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციას და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ბევრი ითხოვს, უარი ვთქვა ამ დოკუმენტებზე დაყრდნობილ პოლიტიკაზე. მაგრამ საკითხი ისაა, რომ დეკლარაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები სომხეთის დამოუკიდებლობის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც აფიქსირებს სომხეთის დამოუკიდებლობის პოლიტიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს“, – განაცხადა მან.

ფაშინიანის თქმით, ამ პოლიტიკაზე უარის თქმის მოწოდებები არის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმის მოწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები