21 სექტემბერს სომხეთში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
სომხეთში 21 სექტემბერს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ყოველწლიურად ამ დღეს იმართება სადღესასწაულო ღონისძიებები, ხოლო ყოველ ხუთ წელიწადში რესპუბლიკის მოედანზე სამხედრო აღლუმი იმართება.
1990 წლის 23 აგვისტოს უზენაესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც გაუქმდა სომხეთის სსრ და ჩამოყალიბდა სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. 1991 წლის 21 სექტემბერს რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სომხეთის სსრკ-დან გამოყოფას.
1991 წლის ნოემბერში ლევონ ტერ – პეტროსიანი სომხეთის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს. 1991 წლის 21 დეკემბერს სომხეთი შეუერთდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას(დსთ).
როგორც წესი, ამ დღეს რესპუბლიკაში სომხეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემს და პატივს მიაგებს სამხედრო ვეტერანებსა და საპატიო მოქალაქეებს; საჯარო სკოლებში იმართება ღია გაკვეთილები და საკლასო საათები; სომხეთის ისტორიისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო გადაცემები; სომხეთის შეიარაღებული ძალების აღლუმი; ერევნის მოედნებზე კონცერტები იმართება.
თუმცა, წელს რესპუბლიკის მოსახლეობა, სავარაუდოდ, ზეიმის განწყობაზე არ იქნება. პირიქით, ბოლო რამდენიმე დღეა, მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ამ მოვლენებს წინ უძღოდა აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციის წამოწყება, რომლის შედეგად ბაქომ ყარაბაღში სუვერენიტეტი ფაქტობრივად აღადგინა.
ამ წუთებში კი, ევლახში ყარაბაღელ სომხებსა და ბაქოს წარმომადგენლებს შორის მათი უფლებების დაცვის საკითხების განხილვა მიმდინარეობს.
დღეს ასევე სომხურმა მედიამ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.