პრეზიდენტის მრჩეველი: სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ ეროვნულ ბანკში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები გაიწვია და ახალ კანდიდატურებს მხოლოდ მას შემდეგ წარადგენს, რაც ნათია თურნავას ბრძანებულება გაუქმდება.

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, როცა არ არის ნათელი საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს ემსახურება თუ კონკრეტულ პირებს, წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატები არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილები. აღნიშნულ მდგომარეობაში, სანამ არ გაირკვევა ეროვნული ბანკის გარშემო სიტუაცია, ჩვენ უარს ვაცხადებთ კანდიდატების წარდგენაზე“, – განაცხადა მსხილაძემ.

ინფორმაციისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდნენ. პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ერთი კვირის წინ წარუდგინა. პროცედურების მიხედვით, დანიშნული იყო საფინანსო და დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც დეპუტატებს უნდა ემსჯელათ კანდიდატებზე, თუმცა კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები