“სარკინიგზო გადაზიდვების გარეშე მომავალი წარმოუდგენელია, ან აფხაზურ მიმართულებას გავაცოცხლებთ, ან ახალს გავუშვებთ” -რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი

რუსეთის სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტის, ვლადიმერ პადალკოს განცხადებით, რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მეოთხე სხდომაზე განიხილებოდა საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის საკითხები, ინვესტიციები და მოსკოვსა და თბილისს შორის ავიაბილეთების ფასების შემცირება.

ამის შესახებ მან Sputnik- ს უთხრა.

“პირველი არის საავტომობილო ტრანსპორტი. ზემო ლარსზე რეალური პროგრესია, დიდი რიგები არ არის. თუმცა იქ არის რაღაც სამუშაო – ლოგისტიკური ადგილების აშენება და პარკინგი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ადმინისტრაციის სინქრონიზაცია, რათა, ვთქვათ, სატვირთო მანქანების ნაკადებმა, რომლებიც საქართველოდან რუსეთში მიემართებიან იცოდნენ, როგორ შემოვიდნენ, რა დოკუმენტებით, რომ არ იყოს გაუგებრობები და ასევე საპირისპირო მიმართულებით“, – განაცხადა მან.

პადალკოს თქმით, მეორე საკითხია  საზღვაო ტრანსპორტი.

„ამოქმედდა საბორნე გადაადგილება. ყველას აწყობს, რომ ის სამ ნაპირს დააკავშირებს: თურქულს, რუსულს და ქართულს. ამჟამად ის პატარაა, იტევს 150 სატვირთო მანქანას, და მეორე ბორანი 300-ს ადამიანსაც და მანქანებს დაიტევს, მაგრამ ეს მაინც უმნიშვნელოა”,- თქვა მან.

ამასთან, მხარეები კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ სარკინიგზო გადაზიდვების საკითხს და განიხილეს მეგაპროექტი – კავკასიის გადაზიდვის რკინიგზის მშენებლობა. პროექტი ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ვლადიმირ სლასტენინმა წარადგინა.

„ეს არის აქილევსის ქუსლი, რომელსაც ვერ ვავითარებთ, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ. ან გავაცოცხლებთ აფხაზურ მიმართულებას, ან ახალს გავუშვებთ, მაგალითად, ინგუშეთის გავლით. მაგრამ სარკინიგზო გადაზიდვების გარეშე მომავალი წარმოუდგენელია”, – თქვა მან.

პადალკომ აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების გახსნა ჯერჯერობით მხოლოდ რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მონაწილეთა დონეზე განიხილება, ამიტომ, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე საუბარი არ არის.

„მეოთხე არის საჰაერო ტრანსპორტირება. აქ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ავიატორებს, შეამცირონ ფასები, იპოვონ გზები, რათა გააიაფონ ბილეთები, რათა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა შეძლონ არდადეგებზე ერთმანეთის მონახულება“, – თქვა პადალკომ.

რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭო, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო საბჭოსთან თებერვალში შეიქმნა, როდესაც პირველი სხდომაც ჩატარდა. მეორე იყო მაისში, მესამე კი – ივნისში.

ოფიციალურად საბჭოს შექმნის მიზანია – ახალი შესაძლებლობების შექმნა რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები