ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო ე.წ.სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნას განიხილავს
ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ე.წ.სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნის წინადადებას განიხილავენ.
ამის შესახებ რუსეთში საქართველოს დიასპორის ტელეგრამის არხი იტყობინება.
18-19 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში ორდღიანი რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გასვლითი სხდომა ჩატარდა, რომელსაც ქართულ დიასპორას დავით ცეცხლაძე ხელმძღვანელობს.
რუსეთის მხრიდან დელეგაციაში მონაწილეობენ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ პადალკო, ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე იური ბალაშოვი, მეწარმეები და სხვები.
გასვლითი საბჭოს სხდომის მთავარი მიზნები და ამოცანებია – რუსეთსა და საქართველოს შორის ლოგისტიკის ყველა პრობლემისა და პერსპექტივის შესწავლა, ასევე მათი გადაჭრის გზების ძიება.
მანამდე რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დელეგაცია რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია.
ჩრდილოეთ ოსეთში გამგზავრების წინ, ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტი „ისტორიულ შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ხალხს“.
მიმდინარე წლის აგვისტოში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყებას „საკმაოდ მიღწევად“ მიიჩნევს.