მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით, 2023 წლის 20 სექტემბრის 13:00 საათიდან საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა მიღწეული.
ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც არწახის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ასევე, მოხდება მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების დაშლა და სრული განიარაღება, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად არწახის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების განხილვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “1. მთიან ყარაბაღში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება საომარი მოქმედებების სრულად შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 20 სექტემბრის 13:00 საათიდან.
2. მიღწეული იქნა შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების რუსული სამშვიდობო კონტინგენტის განლაგების ზონიდან გაყვანისა და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და სრული განიარაღების შესახებ, ასევე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკისა და იარაღის გაყვანის და მათი სწრაფი განადგურების შესახებ.
3. აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის საკითხები აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს და შემდგომ შეხვედრებში”.