პარლამენტმა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და კენჭი უყარეს კანონპროექტს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტის ინფორმაციიტ, ცვლილება ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და მისი მიღებით შესაძლებელი იქნება კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის ფარგლებში შექმნილი გაგზავნილი, მიღებული და დამუშავებული ელექტრონული დოკუმენტის, ასევე ამგვარი ელექტრონული დოკუმენტის შექმნის და გადაცემის მიზნით გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის იურიდიული ძალის განსაზღვრა.
პროექტი, რომელსაც პარლამენტმა 81 ხმით დაუჭირა მხარი, სხდომაზე პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა. მომხსენებელმა პლენარულ სხდომაზე ასევე მესამე მოსმენით განსახილველად წარადგინა კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. ცვლილებების თანახმად, იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალს, რომლებიც შესაბამისი პროდუქციის შესაძენად ლიცენზირებას არ ექვემდებარებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც დაემატება.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული უფლებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ისედაც სარგებლობდა, თუმცა ეს უფლება კანონის გარდამავალ დებულებაში იყო ჩაწერილი. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე იგივე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდება, რაც სხვა სახელმწიფო უწყებებისთვის უკვე არის განსაზღვრული. პარლამენტმა კანონპროექტს 80 ხმით დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები