ზელენსკი მოუწოდებს ტრამპს, წარადგინოს სამშვიდობო გეგმა, თუ ასეთი გააჩნია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აშშ-ის ყოფილ ლიდერს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, საჯაროდ წარადგინოს თავისი სამშვიდობო გეგმები, თუ იცის, როგორ დაასრულოს ომი რუსეთთან.
CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას ითვალისწინებს – მიუღებელია.
„ამიტომ, თუ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიის ნაწილის პუტინისთვის გადაცემა, მაშინ ეს არ არის მშვიდობის ფორმულა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უკრაინის ომს 24 საათში დაასრულებს და „მესამე მსოფლიო ომს აღკვეთავს“.
ბოლო ინტერვიუში მან თქვა, რომ არ გაამჟღავნებს თავისი გეგმის დეტალებს, რათა “კოზირი არ დაკარგოს”. ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ შეძლებს ზელენსკის და პუტინის მიყვანას მოლაპარაკებების მაგიდასთან.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ტრამპი აღფრთოვანებული იყო პუტინის “გენიალური აქტით” და ასევე თქვა, რომ უკრაინას უარი უნდა ეთქვა ყირიმზე ან ნატოს მისწრაფებებზე.