Reuters: ბლინკენი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის დარეგულირებაში ჩაერთვება
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში “ანტიტერორისტული ოპერაცია გამოაცხადა”, შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის დეესკალაციის დიპლომატიურ ძალისხმევაშია ჩართული.
ამის შესახებ Reuters-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით იტყობინება.
როგორც წყარომ სააგენტოს განუცხადა, ენტონი ბლინკენი, სავარაუდოდ, უახლოეს 24 საათში ჩაერთვება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის დიპლომატიურ გადაწყვეტაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები კონფლიქტის ყველა მხარესთან დარჩება კონტაქტზე.
ბაქოს ოპერაციის დაწყების შემდეგ ცნობილია, რომ ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართა როგორც სომხეთის პრემიერთან, ისე – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.