“ფაშინიანი უნდა გადადგეს, მან არწახი მტერს ჩააბარა” – ერევნის ცენტრში საღამოს აქცია დაანონსდა
ერევნის ცენტრალურ მოედანზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნის აქცია საღამოსთვის ჩაინიშნა.
ამის შესახებ პოლიტიკური ბლოკის – “დედა-სომხეთის” ხელმძღვანელმა, ანდრანიკ ტევანიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არწახში სომხეთის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება, ფაშინიანმა კი მთიან ყარაბაღზე უარი დიდი ხნის წინ თქვა, მან “არწახი მტერს ჩააბარა”.
ამიტომ, მისი თქმით, არწახის და სომხეთის დაცვის ერთადერთი ვარიანტი მთავრობის შეცვლაა, ახალი მთავრობის ფორმირება – რომელიც ამის უზრუნველყოფას შეძლებს.
„არწახში წყდება სომხეთის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბედი. სომხეთისა და არწახის პრობლემების მოგვარების მხოლოდ ერთი შესაძლებლობა არსებობს. ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად, დიდი ხნის წინ მიატოვა არწახი. მან არწახის სომხები მტერს ჩააბარა. ის, რაც ახლა ხდება, არის ფაშინიანის პოლიტიკის შედეგი.
ერთადერთი ვარიანტია, რომ შევძლოთ არწახის დაცვა და დავდგეთ სომხეთის დასაცავად – არის სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, ნიკოლ ფაშინიანის გადაყენება, ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია არწახისა და სომხეთის თავდაცვის ორგანიზება“, – განაცხადა ტევანიანმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ, რომ მოითხოვონ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა.
აქცია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაანონსდა.
19 სექტემბერს, მას შემდეგ – რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო, ფაშინიანმა თქვა, რომ ამჟამად აზერბაიჯანთან საომარ მოქმედებებში ჩართვა წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებოდა.
მან ასევე თქვა, რომ მოსალოდნელია, რომ მისი გადადგომის შესახებ საუბრები დაიწყოს.
ამის შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე ხალხი გავიდა და მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრაც სცადა.
ასევე, იყო ბლოკირებული რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც შეკრებილები სკანდირებდნენ, რომ პუტინი “მოღალატე და მკვლელია, რომელიც აზერბაიჯანელების ხელით სომხებს კლავს”.