ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, ტინი კოქსი გმობს მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის აგრესიულ სამხედრო ოპერაციას და ქვეყნის ხელისუფლებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
„ძალიან შოკირებული ვარ აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ დაიწყოს ახალი და აგრესიული სამხედრო ოპერაცია მთიან ყარაბაღში. დღეს, რამდენიმე საათში ამას მოჰყვა მსხვერპლი და დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა. კატეგორიულად ვგმობ ამ ქმედებებს და მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი. თვეების განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ და მოვუწოდებთ შეწყდეს რეგიონში ჰუმანიტარული ვითარების სწრაფად გაუარესება ლაჩინის დერეფნის ბლოკადის გამო. წარმოუდგენელია, რომ სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვითარება მთიანი ყარაბაღისთვის ჰუმანიტარული მიწოდების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გაუმჯობესდა და იმედის ნაპერწკალი გაჩნდა, აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო ძალის ჩვენება. ეს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივებზე უდავოდ დიდ დარტყმას წარმოადგენს.
ცხადია, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით, დიალოგისა და კეთილგანწყობის ცალსახა სიგნალების მეშვეობით და მოქმედი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, იქ მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების სრული პატივისცემით“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.