ზელენსკი: რუსეთი უნდა განიარაღდეს – ტერორისტებს არ აქვთ უფლება, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ
რუსეთი უნდა განიარაღდეს. ტერორისტებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი ჩააბარა. მაშინ მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ასეთი ძალის მცველი რუსეთი უნდა იყოს, მაგრამ შემდგომმა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ზუსტად რუსეთი ყველაზე მეტად იმსახურებდა განიარაღებას, ჯერ მაშინ, 1990-იანებში. რუსეთი განიარაღებას ახლაც იმსახურებს: ტერორისტებს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვთ. სანამ ბირთვული იარაღი რჩება ადგილზე, მასობრივი განადგურების საფრთხე სულ უფრო და უფრო მატულობს. რუსეთი იარაღად იყენებს ბევრ სხვა რამეს და ეს ყველაფერი გამოიყენება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ თქვენი, ყველა ქვეყნის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი კონვენცია, რომელიც ზღუდავს იარაღის ფლობას და გავრცელებას, არ არსებობს რეალური შეზღუდვები სურსათის, ენერგიისა და სხვა ნივთების იარაღად გამოყენებაზე.