კახა ბექაური: 2022 წელს მედიააკადემიაში 30-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა, მედიაკრიტიკაზე კი 150-მდე მასალა გამოქვეყნდა
კახა ბექაურმა, პარლამენტის წევრებს კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც, მედიააკადემიის პროექტებსა და საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება.
თავმჯდომარის თქმით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაარსებული მედიააკადემია, უკვე მეხუთე წელია, რაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
მედიააკადემიის ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, „მედიალაბია“.
„მედიალაბი არის სივრცე ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპერებისთვის, რომელიც მათ სტარტაპის დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს“, – განმარტა მან და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცეში 25 ღონისძიება ჩატარდა, 600-მდე ბენეფიციარმა სივრცით ისარგებლა და 10-ზე მეტმა სტარტაპმა, აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა გაიარა. ამასთან ერთად, ორჯერ ჩატარდა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“, რომელიც პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპ იდეების აღმოჩენას ემსახურება.
კახა ბექაურის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი „მედიასკოლაა“, რომელიც დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს. ხოლო, გასული წლის მანძილზე, სულ 10-მდე სწავლება ჩატარდა და 100-ზე მეტი მონაწილე გადამზადდა. თავმჯდომარის თქმით, 2022 წელს, „მედიასკოლამ“ ჟურნალისტიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის „მასტერკლასის“ პროექტი გააგრძელა, რომელიც პროფესიონალი ავტორების ონლაინ მასტერკლასებს მოიცავს და ნებისმიერი მსურველისთვის, უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
მისივე განცხადებით, მასტერკლასის ონლაინ სერიებს, მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, ყურადღება ასევე გაამახვილა „მედიაკრიტიკის“ ონლაინ პლატფორმაზეც, რომელიც, მისი განმარტებით, საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს, მიზნად კი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმისა და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობას ისახავს. კახა ბექაურის თქმით, პლატფორმა ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების სარედაქციო კოდექსს ეფუძნება, ხოლო, 2022 წელს, „მედიაკრიტიკაზე“ 45 რეპლიკა, 52 რეცენზია და 50 ბლოგი გამოაქვეყნა, ვებგვერდს კი 350 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაარსების დღიდან, პლატფორმაზე განთავსებულ მასალებს 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო.