სომხური მხარე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებსა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, 138 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 2 მშვიდობიანი მოქალაქეა, დაშავებულთაგან კი მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 29-ს შეადგენს.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ სტეფანაკერტის მორგიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 20:00 საათის მდგომარეობით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი მშვიდობიანი მოქალაქეა“, – განაცხადა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.