ოლექსანდრ სირსკი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვიეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, ოლექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა ბახმუტთან რუსი ოკუპანტების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს.
როგორც მან აღნიშნა, აღმოსავლეთის მიმართულებით ზოგადი ვითარება კვლავ რთულია და მტერი უარს არ ამბობს თავის განზრახვაზე, განაახლოს შეტევითი მოქმედებები კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, რისთვისაც ის აქტიურად ემზადება.
„ბახმუტის რაიონში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. გასულ კვირას ანდრიევკასა და კლიშჩიივკას დასახლებების დაკარგვის შემდეგ, მტერი ახორციელებს უამრავ კონტრშეტევას სხვადასხვა მიმართულებით, წარუმატებლად ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას“, – განაცხადა მეთაურმა.
მანვე განმარტა, რომ ერთი შეხედვით, ეს პატარა დასახლებები მტრის თავდაცვითი ხაზის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენდა, რომელიც ბახმუტიდან ჰორლივკამდე იყო გადაჭიმული.
„ჩვენი ჯარების წარმატებული ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზი გავარღვიეთ, რომლის დახურვაც მან სცადა და ბრძოლაში ჩააგდო ყველა არსებული რეზერვი“, – დასძინა სირსკიმ.