“რა სამარცხვინო პოსტია” – რას პასუხობენ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები იაშვილის კლინიკის ექიმს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნეიროქირურგის, ლადო წიქარიშვილის ფეისბუქპოსტს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან მწვავე კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მედიკოსმა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უფასოდ მკურნალობის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული პედიატრული სერვისები ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს, ამიტომ, ისინი თურქეთში იმკურნალებენ. მედიკოსმა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას “სამარცხვინო” უწოდა.
“21-ე საუკუნეში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოში არსებული პედიატრული სერვისები ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს…. ამიტომ, ქართველი ბავშვები მკურნალობას გაივლიან თურქეთში., საქართველოს თურმე არ შესწევს ძალა, უზრუნველყოს თავისი მემკვიდრეობის ჯანმრთელობა. ქვეყანა, რომელიც ამ სამარცხინო გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდება, საკუთარ მომავალზე მაინც უნდა დაფიქრდეს.ps. ქვეყანა, რომელიც ბავშვების ჯანმთელობასაც ვერ უზრუნველყოფს, რაზე შეიძლება, იყოს პასუხისმგებელი….?სოლომონ პირველმა ტყვეებით ვაჭრობა აკრძალა და მას შეეწირა”, – წერს წიქარიშვილი.

ლადო წიქარიშვილი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგია, მისმა განცხადებამ განსაკუთრებით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები გააღიზიანა და მის ფეისბუქპოსტს “სამარცხვინო” უწოდეს.
“ძალიან უხერხული პოსტია თქვენი მხრიდან. მე, როგორც ონკოპაციენტი ბავშვის დედას, იმედი მაქვს, რომ სადმე ფეისბუქი დაგრჩათ ჩართული, ან ბავშვი იჯდა კომპიუტერთან და ბოდიშს მოიხდით.”
“რა სამარცხვინო პოსტია. თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მაგ სისტემაში რა ხდება და დარწმუნებული ვარ, ვინმე თქვენს ახლობელს ჰქონოდა ონკოლოგიური დაავადება ყველას ურჩევდით საზღვარგარეთ მკურნალობას, რიგი მიზეზების გამო. უვარგისი რომ არის ბავშვთა ონკოლოგიური სისტემა, მაგაზე მსოფლიო თანხმდება. ავსტრიაში გამოქცეულ პაციენტს უთხრეს, რა წამლითაც საქართველოში გმკურნალობდნენ, აქ 25წლის წინ ვმკურნალობდითო. სამარცხვინო ვაი ექიმები და ვაი სისტემა. და მისი დამქაშები!”
“კარგ ექიმს ასეთი ზედაპირული, შემოკლებული ინფორმაციის პოსტად დადება, რომელიც არაა სწორი, არ ეკადრება, როდესაც ამდენი მკითხველი ჰყავს.ამ ქვეყანაში ყველა თავის საქმეს კარგად რომ აკეთებდეს, არ იქნებოდა იმის საჭიროება, ბავშვები საზღვარგარეთ წაგვეყვანა სიცოცხლის შესანარჩუნებლად,
რა გადაწყვეტილებასაც ამ პოსტით აპროტესტებთ, ეს ჩვენი, ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების ბრძოლის შედეგია, შვილები რომ გადავარჩინოთ სიკვდილისგან.
ცოტათი მაინც თუ ხართ ჩახედული ამ სფეროში, გეცოდინებათ, რა მდგომარეობაა და თუ არ იცით, მაშინ რაღას წერთ, არ მესმის, რატომ შეგყავთ შეცდომაში სხვა ადამიანები”
“სამარცხვინო სწორედ თქვენ და თქვენნაირი ექიმები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ და კლინიკის იმიჯზე ზრუნავენ, სახელი არ შეელახოთ და არ დაკარგონ პაციენტები, ბავშვებზე ექსპერიმენტები ტარდება, თქვენი და თქვენი კოლეგების შვილები რომ იყვნენ ამ ბავშვების ადგილზე, მაშინ ხომ არ უწოდებთ სამარცხვინოს, თუ აქ შეგიძლიათ ბავშვების სათანადო მკურნალობა, მათი გამოჯანმრთელება და ფეხზე დაყენება, რატომ მიჰყავს თავად ონკოლოგიის ექიმს თავის შვილი საზღვარგარეთ საოპერაციოდ? ესე იგი, არ შეგიძლიათ, სათანადოდ მიხედოთ და განკურნოთ ბავშვები აქ, ვაი, რა გვექნა იმ მშობლებს, რომლებსაც არანაირი საშუალება არ გვქონდა შვილის წასაყვანად და იძულებულები გავხდით, აქ გვემკურნალა, იმის მაგივრად, რომ მშობლებს დაუდგეთ გვერდით და მოითხოვოთ ხარისხიანი მედიკამენტები და საჭირო აღჭურვილობა, დგახართ და აქეთ სამარცხვინოს მშობლებს უწოდებთ, სამარცხვინოები ჩვენ კი არა, თქვენნაირი ექიმები არიან, რომლებიც მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ და თუ თავის პაციენტი არ არის ბავშვი, რომ კვდებოდეს, სუნთქვა ეკვროდეს, არ შეხედავს, ხელს არ მოჰკიდებს და ექთნის ამარა დაგიტოვებს შვილს, აი, ასეთი ექიმები ხართ სამარცხვინოები, თქვენ რომ იდგეთ მშობლების გვერდით და ითხოვდეთ იმას, რასაც მშობლები ითხოვენ თავიანთ ქვეყანაში, არავის არსად წასვლა არ მოუწევდა, საბოდიშო ტექსტი გაქვთ დასაწერი. თქვენს ადგილზე ახლავე დავიწყებდი წერას, გრცხვენოდეთ, სირცხვილი თუ არ იცით რა არის, ღმერთის მაინც გეშინოდეთ, თქვენი მსგავსი გამოსვლებით ონკოპაციენტი ბავშვების მშობლებს ვერაფერს დაგვაკლებთ, პირიქით, უფრო მეტ ძალას და მოტივაციას გვაძლევთ, რომ წინ ვიაროთ, იმ ბავშვების მშობლებმა, რომლებიც ანგელოზებად გაფრინდნენ, მათი სახელით სხვა ბავშვების გადასარჩენად ვიბრძოლოთ, რომ მათაც იგივე ბედი არ გაიზიარონ თქვენი უცოდინრობის, უგულობის გამო, საბოდიშო ტექსტის დაწერაც არ დაგავიწყდეთ”.
“ბატონო ლადო, განათლებულ კაცის შეხედულებას ტოვებ და სანამ ამ პოსტს დაწერდი, უნდა გეფიქრა, რომ ონკოპაციენტების მშობლების მთელი არმიაა, რომელსაც გული გვატკინე”
“არ გეკადრებათ, ბატონო ლადო, ასეთი პოსტი, სახელმწიფომ რაც გააკეთა, ერთადერთი ეს გადაწყვეტილებაა, რომელსაც ტაშს ვუკრავთ ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების მთელი არმია, ძვლის ტვინის გადანერგვა სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცედურაა, რომელიც არც კი ტარდება ჩვენს ქვეყანაში. რა გვექნა მშობელს?კარდაკარ კაპი-კაპიკ მოგროვებული თანხებით ვიხსენით ჩვენი შვილები სიკვდილისგან, რატომ მაშინ არ წერდით პოსტებს?ადით ონკოპაციენტი ბავშვების სართულზე და ნახეთ, რას ჭამენ ბავშვები, ანალიზის აღების შემდეგ პლასტირი რომ დააკრან, ის არ არის სართულზე, იქნებ, მაგაზეც მიანიშნოთ სახელმწიფოს, სანამ ექიმებს გადაამზადებს. ეგეც ხომ დროში გაწელილი პროცესი არ არის?”, – ასე პასუხობენ ლადო წიქარიშვილის სოციალური ქსელის მომხმარებლები და ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები.
“კვირა” განმარტებისთვის ლადო წიქარიშვილს დაუკავშირდა. მედიკოსმა აღნიშნულ საკითზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და თქვა, რომ ეს “ჟურნალისტური თემა” არ არის.
“ეს არ არის ჟურნალისტური თემა, საერთოდ სხვა საკითხია”, – თქვა მან.
აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვადასხვა დროს, არაერთი განმარტება გააკეთა. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობას უფინანსებს. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, პროტონოთერაპიას. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრი“ და „თელ ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრი“. პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.