“ზამთარში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების სავალდებულო გამოყენება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია” – ირაკლი იზორია დაგეგმილ რეგულაციას აფასებს
“ზამთარში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების სავალდებულო გამოყენება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია, მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხითაც, რათა მომავალში საგზაო შემთხვევები არ მოხდეს, ასევე იმისთვისაც, რომ გადაადგილების შეფერხება არ იყოს”, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იზორიამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეაფასა, რომლის თანახმადაც, ზამთარში ცალკეულ ზონებში გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები სავალდებულო იქნება.
“ეს რეგულაცია აუცილებელია. ბოლო წლების განმავლობაში იყო საგზაო შემთხვევები, ასევე, ისეთი შემთხვევები, როცა მაღალმთიან რეგიონებში ავტომობილები ფიზიკურად ვერ ადიოდნენ და ამის გამო ხშირად ეს რეგიონები ჩახერგილი იყო, საცობები იქმნებოდა და პატრულის მიერ საგზაო მოძრაობის წესების გაკონტროლება ხელით ხდებოდა. ამის შესახებ კანონი არ არსებობდა, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს პრეტენზია პატრულის მიმართ ჰქონდათ, თუ რატომ არ უშვებდნენ მათ მაღალმთიან რეგიონსა და ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი თოვლი იყო. ამგვარმა ვითარებამ რეგულაციის არსებობის აუცილებლობა განაპირობა. ზამთარში ცალკეულ ზონებში, გზის მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების, ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების სავალდებულო გამოყენება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით აუცილებელია, მნიშვნელოვანია პრევენციის კუთხითაც, რათა მომავალში საგზაო შემთხვევები არ მოხდეს, ასევე იმისთვისაც, რომ გადაადგილების შეფერხება არ იყოს. მსგავს კანონს ბევრი ქვეყანა იყენებს და გამონაკლისები არც ჩვენ ვიქნებით. თუ ავტომობილს ზამთრის საბურავები, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ექნება, პატრული მას კონკრეტულ ტერიტორიაზე გაუშვებს, თუ ავტომობილი ასე გამართული არ იქნება, ამ შემთხვევაში პატრულს კანონმდებლობით უფლება ექნება, რომ ავტომობილი შეაჩეროს და ნება არ დართოს, გზა გააგრძელოს. ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ. ჩვენი ფონდი საგზაო უსაფრთხოების კუთხით მუშაობს და კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა საგზაო რისკებს შეიცავს გაუმართავი ავტომობილით სარგებლობა”, – განაცხადა იზორიამ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვისაა გათვალისწინებული.
ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშია” დაგეგმილი.
“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ რეგულირდება მძღოლის ვალდებულება, მოლიპულ გზაზე მოძრაობისას იქონიოს ზამთრის საბურავები ან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. აღნიშნული რეგულაციის არარსებობა გზის ცალკეულ მონაკვეთებზე იწვევს როგორც მოძრაობის შეფერხებას, ისე ზრდის სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით სავალდებულო იქნება ზამთრის პერიოდში ცალკეულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი აღჭურვილი იყოს ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც ზამთრის პერიოდში განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე არ ექნება განსაზღვრული მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილი იქნება მძღოლს შეუზღუდოს განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა”, – წერია დოკუმენტში.
თამუნა შეყილაძე